პლანეტა ჯავახეთი,ნაწილი ორასმერაღაცე

აბულის მთაზე პირველად სულ შემთხვევით მოვხვდი. მომიტრიალდა და მოულოდნელად მითხრა,შაბათს აბულზე მივდივარ,თუ გინდა,წამოდიო.
წარმოიდგინეთ,რომ ხართ შემთხვევით მოხვედრილ ქალაქში,შენს ოთახს არ აქვს აივანი,უფროსწორად აქვს,ოღონდ “სულიერების”. სახლიდან გამოსვლისას კი,ყოველ დილას ხედავ დიდ,პირქუშ მთას,რომელიც თითქოს გიყურებს და გეუბნება,მე ყველაფერი ვიცი,მე ყველაფერს ვხედავ. ხოდა,უცებ გეუბნებიან,წამოდი,აბული გაგაცნოო. რას იზამდით? აბა,რა!
ჯავახეთში ყველაფერი მოულოდნელად ხდება,უცებ ხვდები ერთი აგილიდან მეორეში,ერთი სახლიდან მეორეში,უცებ აღმოაჩენ შენში დაფარულ ნიჭს,უცებ გატყდება თავს უკიდეგანო ემოცია და აღფრთოვანება,მოულოდნელად ხვდები უცნობ ადგილებზე,რომლებიც მხოლოდ ნეშენალ ჯეოგრაფიკის არხზე გინახავს და არც კი გეგონა,თუ თბილისიდან სამი საათის სავალზე ესეთი და ამდენი საოცრება იყო. მოულოდნელად გაძლევენ ზურგჩანთას და გეუბნებიან,აჰა,შენ რუკა და წადი,იარე,42 დღეში შევხვდებით. მერე იმ რუკასაც აღარ გაძლევენ და მწყემსებს ეკითხები გზას,სულ იმასავით,პატარა გოგომ რომ გაიღვიძა ფარავნის ტბასთან და უნდა წახვიდეო,უთხრეს. ადგა და წავიდა. მაგრამ,განსხვავებით მისგან,მე წმინდანი არა ვარ,თუმცა,მისი სახელი ი დამარქვეს და რუსულიც კარგად ვიცი და ორი ღერი სომხური,მაგალითად “ბარევ ძეს?”,თან კარენოი აქცენტით.
ვიარე,ვიარე,9 მთა,3 ტბა და ბევრი სოფელი გადავიარე,ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და უფრო მეტი ძალიან კარგი,საოცარი ადგილი ვნახე,დამუნჯებამდე რომ მიმიყვანა. ჭეშმარიტ თავგადასავლებშიც გავყავით თავი. მრავლობითში იმიტომ ვწერ,რომ მაშინ სამნი ვიყავით,სამი გოგო,ნინო,თინა და მე. ჩვენს შორის ყველაზე გამოცდილი თინა იყო და საწყალს,კითხვებით სულს ვხდიდით. ხან მარტოები დავდიოდით,ხან ისევ ვხვდებოდით ერთმანეთს,ან მოკითხვებს ვუტოვებდით რომელიმე სოფელში,ვარევანში,ხიზაბავრაში,ან ჩუნჩხაში. წარმოიდგინეთ ჯაავახეთის ვულკანური პლატოს გადამწვნეწითელყვითელთეთრვარდისფერებული მდელოები,სუულ სწორი,ჰორიზონტამდე და მიდიხარ.შეიძლება 10 კმ ისე გაიარო,კუ,რა არის,კუც არ შეგხვდეს. მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ადგილი არაა. უცებ,ფეხებიდან წეროების გუნდი რომ აგიფრინდება,ყველა სასწაულს იწამებ და დაიჯერებ.
ახალქალაქში შემთხვევით მოვხვდი,ხატიამ დამირეკა,ზეგ გავდივართ და თუ გინდა წამოდი,ერთი ადგილი გათავისუფლდაო. სად მივდიოდი,წესიერად მეც კი არ ვიცოდი,მაგრამ წამოსვლისას ზუსტად ვიცოდი,რომ უკან აუცილებლად,თან ძალიან მალე დავბრუნდებოდი.
ჩემი მეგობრები სულ მექირქილებიან,რით არ მოგბეზრდა და ვერ ამოწურე ეს შენი ჯავახეთიო, მაგრამ თავადაც ჩემსავით მონუსხული ნააბულარები არიან და ჩემსავით ენატრებათ უგუმბათო კუმურდო და გოგაშენის ქარაფები.
ჯავახეთმა ბევრი ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა,თქვენ წარმოიდგინეთ,უკეთესობისკენ,ბევრს სანუკვარი სურვილი აუსრულა ჯადოსნურმა წრემ ორი აბულის შესაყარზე და ზოგსაც ჯერ კიდევ წინ აქვს ის მისტიკა და ჯადოქრობა,რასაც ჯავახეთი ჰქვია!

Comments

Popular posts from this blog

დარდები.ნაწ.4

დარდები.ნაწ.2